საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, რაც ლარის კურსსაც ეხმარება.
„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას, მაგრამ გაცილებთ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პროგნოზში რას ვხედავთ. ჩვენთან, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ინფლაცია უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება, რადგანაც ყველგან შეიმჩნევა მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია. ახლა მაღალი ინფლაცია განპირობებულია ნავთობზე, ზეთზე, შაქარზე, ხორბალზე ფასების გაზრდით, ეს იქნება დროებითი. ამ დროებითი ფაქტორების გავლის შემდეგ ინფლაცია დაუბრუნდება პირვანდელ მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ აღარ იყო გამკაცრება საჭირო და აუცილებელი. ამავე დროს დაველოდებით, ინფლაციის მოლოდინი როგორი იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით ჩანს, რომ უფრო გრძელვადიან პერიოდში მოგვიხდება, ალბათ, მაღალი საპროცენტო განაკვეთის შემცირება, თუმცა, ამ ფაქტორებს გავაანალიზებთ თვენახევარში ერთხელ, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება.
ლარის კურსის პროგნოზზე ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მცურავი გაცვლითი კურსია, ლარის კურსის პროგნოზი არ კეთდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოლოდინები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, რაც კურსსაც ეხმარება. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი გავამკაცრეთ, რაც, რა თქმა უნდა, [ლარის] კურსს დაეხმარა. ვფიქრობთ, ერთჯერადი ფაქტორების გასვლის შემდეგ, შემდეგი წლის მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციამ შემცირება და გადაწყვეტილებებიც ამ ფონზე იქნება მიღებული", - განაცხადა გვენეტაძემ.