2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 59,530,000,000 ლარს მიაღწია. აქტივები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2%-ით გაიზარდა, ხოლო კურსის ეფექტის გათვალისწინებით 0.13%-ით შემცირდა. კურსის ეფექტი გამოწვეულია პერიოდის განმავლობაში ლარის გამყარებით, რაც თავის მხრივ, ლარში გამოსახვისას დოლარის და ევროს აქტივების მოცულობას ამცირებს.
რაც შეეხება საბანკო სისტემაში არსებულ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 1 დეკემბრის მდგომარეობით, 35,750,000,000 ლარს შეადგენდა, რაც 1 ნოემბერთან შედარებით, 1.67%-ით (606 მლნ ლარით) ნაკლებია. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს თანხა 0.08%-ით მეტია.
"ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 398.39 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.86%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 39.5% შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.40 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
რაც შეეხება კრედიტებს, ამჟამად, ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 41,400,000,000 ლარის სესხები აქვთ გაცემული. წინა თვესთან შედარებით, ეს თანხა 292 (0.7%-ით) შემცირდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ის 1.2%-ით გაიზარდა.
"ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით (1.39%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით (2.66%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.03%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.37%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.97%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით მეტი).
2021 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.09 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
წყარო: BMG