საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.
„პანდემიურმა მდგომარეობამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალ გაურკვევლობას დაუდო სათავე, რომლებიც ეტაპობრივად წარმოჩნდა და პოლიტიკის გამტარებლები გამოწვევების წინაშე დააყენა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია - დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9 პროცენტამდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა პრესრელიზებშიც იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც დროებით შენარჩუნდება. თუმცა, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, დროებითი ფაქტორების მილევასა და ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად, ინფლაციის ამ შემცირებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიის შეზღუდვების პერიოდში გადავადებული მოთხოვნის რეალიზების, მაღალი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ფისკალური სტიმულის შედეგია. 2022 წელს ეკონომიკური ზრდა, საბაზო სცენარის მიხედვით, 5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული.