„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საქართველოს ბანკში განუცხადეს.
„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.
ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.