
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„გულწრფელი ვიქნები. ვთქვი, რომ ვეწინააღმდეგები რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ამონიუმის მიწოდებას. ამას მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ გავაკეთებდი. სწორედ ეს შევთავაზე გაერო-ს“, – განაცხადა ზელენსკიმ ინტერვიუში.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ კრემლში და მას შეუსაბამო უწოდეს.
„ნუთუ ხალხი და ამონიუმი ერთი და იგივეა?“, – აღნიშნა კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
გაერო ამიაკის ტრანზიტის განახლების ინიციატივით გამოვიდა. რუსული სასუქის მწარმოებელი კომპანიის „ურალხიმის“ მიერ წარმოებული ამიაკი მილსადენით ოდესაში ჩადიოდა, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია ყიდულობდა. აღნიშნული ტრანზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ შეწყდა.