ჯოზეფ ბორელმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოდის.
აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„შეძრული ვარ ვოლოდიმირ ზელენსკის და დენის შმიგალის გამძლეობით, გამბედაობით და სტუმართმოყვარეობით. დავბრუნდი მკაფიო გასაკეთებელი სიით:
1. ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შევხვდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და განვიხილავ მორგებულ მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის მიერ.
3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავუწესეთ მძიმე სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.
4. ორშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.
უკრაინა გაიმარჯვებს და კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენ გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე. დიდება უკრაინას!“- წერს ჯოზეფ ბორელი.