რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ოფიცრებისა და სხვა პერსონალის რეკრუტირების პრობლემაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „პუტინს სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, განსაკუთრებით საკუთარი [რუსი] ჯარისკაცების სისხლში“.
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ) მოახდინეს კურსანტების მობილიზება, ბიჭები, რომლებმაც არ იციან ბრძოლა, დაიღუპნენ. მათ სწავლაც ვერ დაამთავრეს. ყველა ეს ადამიანი ვერ იბრძვის. ისინი ჩვენთან მოდიან და კვდებიან.
ჩვენ ვიმოქმედებთ ეტაპობრივად ჩვენი გეგმების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას. "რეფერენდუმები" ფიქტიურია, სახელმწიფოების 90% მათ არ ცნობს", - განმარტა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სჯერა პუტინის ბირთვული მუქარის.
შეგახსენებთ, პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მობილიზაცია ძალაში დღეიდან შევიდა. პუტინის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" მცხოვრები ხალხის დაცვაა.