რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რას უჭერს მხარს – ტერორს და სისასტიკეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის საზღვართან მდებარე, ესტონეთის ქალაქ ნარვაში ვიზიტისას განაცხადა.
„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რას უჭერს მხარს. ეს არის ტერორი და სისასტიკე. მათ, ვინც პასუხისმგებელია, პასუხი უნდა აგონ. ჩვენ ვგლოვობთ მსხვერპლს. გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვიცი, რომ უკრაინელები არ შეშინდებიან. უკრაინელებო, იცოდეთ, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მკაფიო გზავნილია ყველა უკრაინელისთვის, რომ მხარს გიჭერთ ყველა შესაძლებელი გზით. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მოკავშირეების მხრიდან აუცილებლად საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რომ უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა, რადგან რუსეთი ახდენს ესკალაციას, რომ დააზარალოს მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ მსხვერპლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.
10 ოქტომბერს დილით, რუსეთმა ინტენსიური სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი.