რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოეში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზალიზნიჩნოეს მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.
წინასწარი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.
ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს ხარკოვის რეგიონში, 40-ზე მეტ დასახლებაზე.