
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება.
გამოცემა წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
ამასთან, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.