დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვისთვის რუსეთს სანქციები დაუწესა. კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდა 92 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ოთხი მილიარდერი.
სანქცირებული პირების ნაწილს დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულად მიიჩნევს, ნაწილი კი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას ორგანიზაციულად ან ფინანსურად უჭერს მხარს.
სანქციები დაუწესდა სახელმწიფო კომპანია „გოზნაკს“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანია ბეჭდავს მილიონობით დოკუმენტს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, მათ შორის რუსეთის პასპორტებს, რომლითაც აღნიშნული რაიონების მცხოვრებლებს უკრაინის მოქალაქეებს ურიგებენ.
სანქციები ასევე გავრცელდა პიარსააგენტო „იმა-კონსალტინგზე“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა „პრეზიდენტ პუტინის საყვარელ სააგენტოდ მოიხსენიებს“. აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს დაკვეთით რუსეთში და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების სარეკლამო კამპანია აწარმოა.
„ყალბი რეფერენდუმები, რომლებიც ჩატარდა იარაღის მუქარით, ვერ იქნება თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ შედეგებს“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებაში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან უკრაინაში საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე ათეული პირი „გაზპრომბანკის“, „სბერბანკისა“ და „სოვკომბანკის“ ხელმძღვანელობებიდან.