აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებს რუსეთის ბირთვული ძალების მზაობაში ნებისმიერ ცვლილებას. თავდაცვის მდივნის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს არავითარი ცვლილება არ შეუმჩნევია.
„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ პუტინს სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება“,- განაცხადა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შესახებ. ოსტინის თქმით, ეს „პუტინის ომის ბოროტებას ავლენს“. მისი განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა კიდევ უფრო გაამყარა უკრაინის მოკავშირეებისა და პატრნიორების სიმტკიცე დახმარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ყველანი ნაკლებად დაცული ვიქნებით მსოფლიოში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, თავს დაესხან თავიანთ მშვიდობიან მეზობლებს და ძალით დაარღვიონ მათი საზღვრები”, – აღნიშნა ოსტინმა.
თავდაცვის მდივნის თმით, აშშ და მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინისთვის ისეთი საშუალებების გაგზავნას, როგორიცაა „ჰაიმარსის“ სისტემები, რომელიც ეხმარება უკრაინას კონტრიერიშის წარმოებაში.
ოსტინის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც მათ ჩატანას ფიზიკურად შეძლებენ ქვეყანაში.