რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში გადავიტანოთ. ამ კონტექსტში, მე იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. პირადად მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ (ერდოღანთან), ასევე მისი ურთიერთობა ტრამპთან და პუტინთან, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. დღეს დისკუსია კვლავ დაეთმო თურქეთში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამის ორგანიზებას შეძლებს, სიამოვნებით დავთანხმდებით ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივ შეხვედრას აბუ-დაბიში. “ეს პარალელური პროცესებია. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა, ამავდროულად, ლიდერების შეხვედრასაც აუცილებელ პირობად მივიჩნევთ. საკითხები, რომელთა განხილვაც ტექნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ნათელია; თუმცა, ზოგიერთი მათგანის განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე : “რა არის დღეს თქვენთვის ის „წითელი ხაზი“, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია, ხედავთ თუ არა მშვიდობის მიღწევის რეალურ ფორმულას იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დატოვოს დონბასის ტერიტორია - კერძოდ, დონეცკი, რომლებიც ამჟამად კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა” - ზელენსკიმ უპასუხა :
“ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში ისეთი საკითხები იქნება, როგორიცაა ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ასევე - ტყვეების გაცვლა. ისინი განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება და როგორ მოემზადონ ლიდერთა სამიტისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან, ლიდერთა სამიტის მთავარი საკითხი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მისი მყარი მექანიზმის მეშვეობით მონიტორინგია. ეს მშვიდობისკენ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა. უსაფრთხოების გარანტიებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ლიდერთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენა იქნება. ამასთან ერთად, განიხილება ჩვენი ქვეყნების მომავალი, ხალხის ცხოვრების პირობები და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი. ეს მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ ჩვენი აღმოსავლეთი ტერიტორიები - მათ შორის ყირიმი, რომელიც რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშაა - რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და ჩვენს კონსტიტუციას. რუსეთს ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს აზრი ჩვენამდე მოიტანოს. თუმცა, ეს არც ჯანსაღი და არც ლოგიკური მიდგომაა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არსებულ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა”.
კითხვაზე : “მზად ხართ, შეხვდეთ პუტინს თურქეთში და განიხილოთ ყველა ეს კრიტიკული და მგრძნობიარე საკითხი”, ზელენსკიმ უპასუხა : “დიახ, მზად ვართ. მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებია. პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციაც გასაგებია. თურქეთთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთს შეუძლია იყოს პრაქტიკული და რეალისტური შუამავალი. შეხვედრისას ის არცერთ მხარეს არ დაიჭერს. მას შეუძლია, სრულფასოვანი შუამავლის როლი შეასრულოს. და, რა თქმა უნდა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.