ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას“.
„ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ თავდასხმამ. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის მიზანია, დააკარგვინოს „ჰამასს“ უნარი და სურვილი, დაემუქროს და ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში.
„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არის ელექტროენერგიის, საწვავისა და საქონლის მიწოდების შეჩერება.