global distribution
ავერსი გარე ავეჯი

 თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა მაისში 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმუმს კიდევ ერთხელ მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის (Turkstat) ანგარიშში წერია.

მაისში ინფლაციამ წლიურად 75,45% შეადგინა, მაშინ, როცა აპრილში 69,8% დაფიქსირდა. Trading Economics-ის ანალიტიკოსები წლიური თვალსაზრისით ინფლაციის ოდნავ ნაკლებ, 74,8%-მდე დონეს მოელოდნენ.

მაისში თურქეთში კომუნალური მომსახურების ღირებულება წლიური თვალსაზრისით 93,21%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა თვეში ეს სერვისი 55,55%-ით გაძვირდა.

სურსათზე ფასები 70,1%-ით, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 50,9%-ით მოიმატა. ასევე, 69,3%-ით გაძვირდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო კაფეებსა და რესტორნებში ფასები 92,9%-ით გაიზარდა.

Turkstat-ის მონაცემებით, საბაზისო ინფლაცია, რომელიც საკვების, ენერგომატარებლების, ალკოჰოლის, თამბაქოს ნაწარმისა და ოქროს ღირებულებას არ ითვალისწინებს, ერთი თვის წინანდელი 75,81%-დან მაისში 74,98%-მდე შემცირდა.

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ყოველთვიურმა ზრდამ, აპრილის 3,18%-თან შედარებით, მაისში 3,37% შეადგინა.

სამეწარმეო ფასები, ანუ PPI-ინდექსი წლიური თვალსაზრისით მაისში 57,68%-ით, ხოლო თვიური თვალსაზრისით 1,96%-ით გაიზარდა. აპრილში ეს ფასები წლიური თვალსაზრისით 55.66%-ით, ხოლო თვიური გამოხატულებით 3.6%-ით გაიზარდა.

333