საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.
მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა.
პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელებას და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციების განმტკიცებას ჰპირდება. ის ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში პენსიები და სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
ერდოღანი მეორე ტურში კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.
გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.
ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა, სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად, ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.
არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.