აღმოსავლეთ თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 1:46 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მალათიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათი სამაშველო ჯგუფები მზადყოფნაშია. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა სირიის რამდენიმე პროვინციაში.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.