golden brand
ავერსი ნემო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 22 ივნისის დილით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტთან ახლოს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქეთის საკუთრებაში არსებულ გემს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევში თურქეთის საელჩოსა და ოდესაში გენერალურ საკონსულოს დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებულ სიტუაცია კონტროლზე აქვთ აყვანილი.

„ჩვენი შეშფოთება ამ დარტყმებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგად საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებს შავ ზღვაში და რეგიონულ უსაფრთხოებას, ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს გადაეცა. შავ ზღვაში სამოქალაქო გემების ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, მიიღონ ზომები რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად შავ ზღვაში სამ სამოქალაქო გემზე დარტყმა განხორციელდა. თურქულ სატვირთო გემზე ეკიპაჟის წევრი, ეგვიპტის მოქალაქე, დაიღუპა. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები, უკრაინის საზღვაო ძალებმა გადაარჩინეს. დანარჩენი ორი გემის ეკიპაჟის წევრებისგან არავინ დაშავებულა.

77