აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.
ცნობისთვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატზე კონტროლი გასულ ოთხშაბათს მოიპოვა. Associated Press-ის ბოლო ინფორმაციით, სენატში „რესპუბლიკელებმა“ 53 ადგილი მოიპოვეს, ხოლო „დემოკრატებმა“ - 47.
აშშ-ის ახალი კონგრესის პირველი სხდომა 3 იანვარს გაიმართება.