ძლიერი ტორნადოს გამო აიოვას შტატში მდებარე ქალაქ გრინფილდში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტორნადოს შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
„ტორნადომ გაანადგურა ამ ქალაქის დიდი ნაწილი“, – აღნიშნავს შტატის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
როგორც მედია წერს, იმის გამო, რომ ტორნადომ ადგილობრივი საავადმყოფო დააზიანა, დაშავებულები ახლომდებარე ქალაქებში გადაიყვანეს.
ამასთან, აიოვას გუბერნატორმა 15 ოლქში სტიქიური უბედურების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.