
თეთრი სახლი ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ხელმოწერილი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ხელშეკრულების სრულ ტექსტს აქვეყნებს.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების განმტკიცებას.
„ტრამპის დეკლარაცია მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენ, ხელმომწერები, მივესალმებით ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების ყველა მხარის მიერ ჭეშმარიტად ისტორიულ ვალდებულებას და შესრულებას, რითაც დასრულდა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული მძიმე ტანჯვა და დანაკარგი – დაიწყო ახალი თავი იმ რეგიონისთვის, რომელიც განისაზღვრება იმედით, უსაფრთხოებითა და მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ხედვით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის გულწრფელ მცდელობებს, დაასრულოს ომი ღაზაში და დაამყაროს მდგრადი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ერთად ჩვენ განვახორციელებთ ამ შეთანხმებას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და შესაძლებლობები რეგიონის ყველა ხალხისთვის, მათ შორის როგორც პალესტინელებისთვის, ასევე ისრაელელებისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ მდგრადი მშვიდობა იქნება ისეთი, რომელშიც, როგორც პალესტინელებს, ასევე ისრაელელებს შეეძლებათ განვითარება მათი ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დაცვით, მათი უსაფრთხოების გარანტიითა და მათი ღირსების დაცვით.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა თანამშრომლობისა და მდგრადი დიალოგის გზით და რომ ერებსა და ხალხებს შორის კავშირების განმტკიცება ემსახურება რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივ ინტერესებს.
ჩვენ ვაღიარებთ ამ რეგიონის ღრმა ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას იმ რელიგიური თემებისთვის, რომელთა ფესვები გადაჯაჭვულია რეგიონის მიწასთან – მათ შორის ქრისტიანობასთან, ისლამთან და იუდაიზმთან. ამ წმინდა კავშირების პატივისცემა და მათი მემკვიდრეობის დაცვა უმთავრესი დარჩება მშვიდობიანი თანაარსებობისადმი ჩვენს ერთგულებაში.
ჩვენ გაერთიანებული ვართ ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ყველა ფორმის განადგურების გადაწყვეტილებაში. ვერც ერთი საზოგადოება ვერ აყვავდება, როდესაც ძალადობა და რასიზმი ნორმალიზებულია, ან როდესაც რადიკალური იდეოლოგიები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ცხოვრების სტრუქტურას. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, გავუმკლავდეთ ექსტრემიზმის ხელშემწყობ პირობებს და ხელი შევუწყოთ განათლებას, შესაძლებლობებსა და ურთიერთპატივისცემას, როგორც მდგრადი მშვიდობის საფუძვლებს.
ამით ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მომავალი დავები გადაწყდეს დიპლომატიური ჩართულობითა და მოლაპარაკებებით და არა ძალის გამოყენებით ან გაჭიანურებული კონფლიქტით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ახლო აღმოსავლეთი ვერ გაუძლებს გახანგრძლივებული ომის, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ან წარმატებით მოლაპარაკებული პირობების ფრაგმენტული, არასრული ან შერჩევითი გამოყენების მუდმივ ციკლს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ტრაგედიები უნდა იყოს სასწრაფო შეხსენება იმისა, რომ მომავალი თაობები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე წარსულის წარუმატებლობები.
ჩვენ ვცდილობთ ტოლერანტობას, ღირსებას და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს რეგიონი იყოს ადგილი, სადაც ყველას შეუძლია, განახორციელოს თავისი მისწრაფებები მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ, რასის, რწმენისა და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.
ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის ყოვლისმომცველი ხედვისკენ რეგიონში, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემისა და საერთო ბედისწერის პრინციპებზე.
ამ სულისკვეთებით, ჩვენ მივესალმებით ღაზის სექტორში ყოვლისმომცველი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებების დამყარების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე ისრაელსა და მის რეგიონულ მეზობლებს შორის მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას. ჩვენ ვპირდებით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ მემკვიდრეობის განსახორციელებლად და შესანარჩუნებლად, ინსტიტუციური საფუძვლების შესაქმნელად, რომლებზეც მომავალი თაობები შეძლებენ ერთად აყვავდნენ მშვიდობიანად.
ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ მდგრადი მშვიდობის მომავლისთვის“, – წერია დეკლარაციაში.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ოთხმა ლიდერმა – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ.