სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.
„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის ელჩზე თავდასხმის დეტალები და დიპლომატის მდგომარეობა უცნობია. სუდანში ევროკავშირის ელჩი ირლანდიელი დიპლომატი, აიდან ოჰარაა.
შეგახსენებთ, რომ სუდანში სამი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.