gorgia
ავერსი legi

6-დან 9 მარტამდე ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ორმა ნავთობტანკერმა და პროდუქტების ერთმა გადამზიდავმა გაიარა. სპარსეთის ყურეში ტანკერების, დაახლოებით, 77% ღუზაზე დგას ან საპორტო ტერმინალებში არის გაჩერებული.

ამის შესახებ Euler Analytical Technologies-ის მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომელიც გემების თვალთვალის სერვისებს ეყრდნობა.

ექსპერტების შეფასებით, სპარსეთის ყურეში ტანკერებზე დაგროვილი ნახშირწყალბადების მოცულობა 22.7 მლნ ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 17.3 მლნ ტონა ნავთობია. ამჟამად რეგიონში 141 ნავთობტანკერი, პროდუქტების 133 გადამზიდავი და თხევადი ბუნებრივი აირის 17 ტანკერია.

ანალიტიკოსები, ასევე, დასძენენ, რომ პროდუქტების გადამზიდავებმა ნავთობით დატვირთვები უფრო აქტიურად დაიწყეს. ამასთან, “სპარსეთის ყურეში ნავთობის გადატვირთვის მოცულობა ნორმალურ დონეზე მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რჩება, ხოლო საუდის არაბეთში, ერაყსა და ქუვეითში ნორმალურ დონესთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.“

საზღვაო გადაზიდვების პროვაიდერ Windward-ის ცნობით, 8 მარტს ჰორმუზის სრუტე ირანის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა გემმა გაიარა. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, სულ მცირე, ერთმა კომერციულმა ტანკერმა ტრანზიტი გემის იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) გამორთვით შეასრულა. „ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოპერატორების მცირე რაოდენობა კვლავ ცდილობს, სრუტე ექსპლუატაციის უკიდურესად არატიპიური პირობებით გაიაროს, რომ ფრახტის მაღალი გადახდით ისარგებლოს.“

ამასთან, ზოგადად, საზღვაო აქტივობა კი არ წყდება, არამედ ალტერნატიულ მარშრუტებზე ნაწილდება. კერძოდ, წითელი ზღვისა და არაბეთის ზღვის ადენის ყურის დამაკავშრებელ ბაბ ელ-მანდების სრუტეში გემების მოძრაობა აქტიური დარჩა. თუმცა სუეცის არხში ბოლო დროს მოძრაობა საშუალო მაჩვენებლებზე დაბალი იყო, მაშინ, როცა “კეთილი იმედის” კონცხის გავლით ტრანზიტი მკვეთრად გაიზარდა. ეს ახლო აღმოსავლეთთან და წითელ ზღვასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შორ მანძილზე გადაზიდვების გადამისამართების მზარდ ტენდენციას ასახავს.

ცნობისთვის: ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო-სავაჭრო და ნავთობის მთავარ სატრანზიტო მარშრუტად ითვლება. მასზე გლობალური ნავთობისა და გაზის მარაგის, დაახლოებით, ერთი-მეხუთედი გადის. ამჟამად ირანი ჰორმუზის სრუტეში მტრულად განწყობილ ქვეყნებთან დაკავშირებულ ტანკერებსა და სხვა კომერციულ გემებს არ ატარებს.

56