რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.