აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელ-ღაზის კონფლიქტსა და ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა, რიში სუნაკმა და სხვა ლიდერებმა „კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ისრაელს და მის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან“, თუმცა მოუწოდეს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის“ დაცვისკენ.
„ისინი მიესალმებიან ორი მძევლის გათავისუფლებას და მოითხოვენ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა დარჩენილი მძევალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ლიდერები მიესალმნენ ჰუმანიტარული კოლონების შესახებ ინფორმაციას და გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ კოორდინაცია რეგიონის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ საკვები, წყალი, სამედიცინო და სხვა დახმარება, რომელიც აუცილებელია ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.