ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „დეილი მეილისთვის“ დაწერა.
„პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ გარდაცვლილ „ვაგნერელებს“ უბრალოდ „ნათლიას“ ფურცლებიდან აქვს აღებული. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენ თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით“, – წერს ჯონსონი.
ის განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ეს ღია სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.
„პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება კატასტროფა დემოკრატიისთვის მსოფლიოში. პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება საბაბი ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ დასავლეთს არ შეიძლება, დაეყრდნო და ის არ იქნება შენს გვერდით ბოლომდე“, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
ჯონსონი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა იფიქრონ პუტინის ბედზე, არამედ გააგრძელონ იმ სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლის აღებაც აქვს გადაწყვეტილი.