
გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმების ექსტრავაგანტულად მიჩნევა დიდი შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა არქტიკის მნიშვნელობის მზარდ როლზე, როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ვლადიმერ პუტინის თქმით, დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არქტიკაში თავისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების წინსვლას.
„აშკარაა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არქტიკაში თავისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სისტემატურ წინსვლას. საუბარია ამერიკული მხარის სერიოზულ გეგმებზე გრენლანდიასთან დაკავშირებით. ამ გეგმებს ისტორიული ფესვები აქვს“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა ვაშინგტონის მიერ გრენლანდიის ანექსიის საკითხს და განაცხადა, რომ ეს საკითხი ეხება ორ კონკრეტულ ქვეყანას, შეერთებულ შტატებსა და დანიას და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან.