„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ. ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
„არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე,” - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოუგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.
„შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აესხნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.