ფრანკფურტის აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები. ამის მიზეზი კლიმატის აქტივისტების საპროტესტო აქცია გახდა. დემონსტრანტები ასაფრენ ბილიკებთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მგზავრებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ აეროპორტში და შეამოწმონ ფრენის სტატუსი.
კლიმატის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ექვსმა მომიტინგემ გაარღვია ღობე და შევიდა ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. მომიტინგეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: „ნავთი კლავს“.
აქტივისტები ითხოვენ, რომ გერმანიის მთავრობამ ხელი შეუწყოს გლობალური შეთანხმების ჩამოყალიბებასა და ხელმოწერას 2030 წლისთვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეზღუდვის შესახებ.