პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას. შეთანხმებას მხარეებმა ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუსის თქმით, უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი კვლავ პოლონეთის გავლით მოხდება.
„მოვახერხეთ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლონეთში არცერთი ტონა მარცვლეული არ დარჩება და ტვირთების გადაზიდვა პოლონეთის ტერიტორიის გავლით მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ახალი მექანიზმის – gps-ისა და ელექტრონული სისტემების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აკონტროლებენ ტრანსპორტს“, – განაცხადა რობერტ ტელუსმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, იულია სვირიდენკომ გამოთქვა შეშფოთება, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რადგან მისი ვადა 18 მაისს იწურება.
„გადავწყვიტეთ, რომ უკრაინული საქონლის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიაზე ხუთშაბათიდან განახლდება. პოლონურმა მხარემ ახლახან მიიღო ინფორმაცია უკრაინული პროდუქციის პოლონეთის ტერიტორიაზე გავლით ტრანზიტის ტექნიკური ასპექტების შესახებ. დარწმუნებულები ვართ, უკრაინელი ექსპორტიორები სრული პასუხისმგებლობით დაემორჩილებიან აღნიშნულ პირობებს. მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის შესახებ ინიციატივა საფრთხის წინაშეა, რუსეთმა კვლავ დაბლოკა გემების შემოწმების პროცესი ბოსფორში. ჩვენი ვიცე-პრემიერი ახლა თურქეთში ამ საკითხების მოსაგვარებლად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვბლოკეთ ტრანზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა დაბლოკილი დარჩება და ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ვერ მივცემთ რუსეთს საშუალებას, ისარგებლოს ამ სიტუაციით“, – განაცხადა სვირიდენკომ.
ამ დროისთვის უცნობია, დათანხმდება თუ არა რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას.
უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში კვლავ აკრძალულია. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებს მალე ბულგარეთიც შეუერთდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია და ფერმერები დააზარალა.