ნალექის დეფიციტის გამო, პანამის არხში გემების გადაადგილება შეზღუდეს. ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანული „გარდიანის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, შეზღუდვა უკვე ახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და ვითარება სავარაუდოდ გაუარესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც წვიმის სეზონია, რეგიონში ჩვეულ მაჩვენებლებთან შედარებით, 41%-ით ნაკლები ნალექი მოვიდა. როგორც პანამის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, ნალექის ნაკლებობა ნაწილობრივ ელ-ნინიოს სახელით ცნობილ ფენომენს უკავშირდება, რომელიც გლობალურ დათბობას აუარესებს. წყლის დეფიციტის გამო, პანამის არხში 24 საათში მხოლოდ 22 ხომალდის გატარებაა დაშვებული. მანამდე ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენდა. თებერვალში კი არხში დღე-ღამეში მხოლოდ 18 გემს გაატარებენ.
„გარდიანის“ ცნობით, არხის ორივე მხარეს სატვირთო ხომალდების რიგები დგას. ზოგიერთ მათგანს რიგში ლოდინი ორი კვირა უწევს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი კომპანია ოთხ მილიონ დოლარს იხდის, რათა პანამის არხში ურიგოდ გაიაროს. გემების ნაწილი კი პანამის არხის გავლით გადაადგილებაზე საერთოდ უარს ამბობს, რაც მათ გზას რამდენიმე დღით ან კვირით აგრძელებს.
ზოგიერთმა ოპერატორმა უკვე გაავრცელა გაფრთხილება, რომ ჩინეთსა და აშშ-ში ტვირთის საშობაოდ ჩატანას ვერ შეძლებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულის გამო პროდუქტების ფასები მოიმატებს.
ცნობისთვის, მანამდე ბევრმა კომპანიამ უარი თქვა სუეცის არხით გადაადგილებაზე. ამის მიზეზი იემენელი ჰუსიტების გახშირებული თავდასხმებია. ექსპერტების თქმით, ეს კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას მიწოდების გლობალურ ჯაჭვებზე.