სექტემბერში სურსათის გლობალური ფასები საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, როგორიცაა მარცვლეული, მცენარეული ზეთები და შაქარი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, სურსათის ფასები წინა წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა.
FAO-ს ცნობით, რძის პროდუქტების ფასები თვის განმავლობაში სტაბილური დარჩა, ხოლო ხორცის ფასები შემცირდა. ეს კლება ფრინველისა და ღორის ხორცის ფასების კლებით იყო განპირობებული, ხოლო საქონლისა და ცხვრის ხორცის ფასები სტაბილური დარჩა.
მარცვლეულის ფასები კი, ბოლო თვის განმავლობაში 5.1%-ით, ხოლო წლის განმავლობაში - 17.2%-ით გაიზარდა. მიზეზად შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის შეფერხებები და ხორბლისა და სიმინდის ექსპორტის მიწოდების შეზღუდა სახელდება.
მცენარეული ზეთის ფასები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 0.9%-ით, თუმცა წლიურად 18.3%-ით გაიზარდა. ეს ყოველთვიური ზრდა, ძირითადად, გლობალური პალმის ზეთის ფასების ზრდით იყო განპირობებული, რამაც მზესუმზირის ზეთის ფასების კლების სრულად კომპენსირება მოახდინა.
ცნობისთვის, მზესუმზირის ზეთის ფასები ზედიზედ მესამე თვეა ეცემა შავი ზღვის რეგიონიდან მნიშვნელოვანი მიწოდების მოლოდინების გამო, თუმცა ხანგრძლივმა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა და ალტერნატიულ მარშრუტებზე შეზღუდულმა ექსპორტის შესაძლებლობებმა კლება უკვე შეამცირა.
შაქრის ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება და 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, მომავალ წელს გლობალური შაქრის მიწოდების მოსალოდნელი შემცირებით არის განპირობებული. შაქრის ფასები თვეში 6.1%-ით, ხოლო წლიურად 14.7%-ით გაიზარდა.
ცნობისათვის, ელ-ნინიოს ძლიერი კლიმატური ფენომენის გამო, მსოფლიო მაღალი ფასებისა და შაქრის დეფიციტის წინაშე დგას. ამინდის ფენომენი ასევე უარყოფითად იმოქმედებს სხვა კულტურებზე, მათ შორის ბრინჯზე, კაკაოზე, ყავასა და პალმის ზეთზე.