
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ევროპაში აღმოჩენილი დრონები, შესაძლოა, კიევის პროვოკაცია იყოს.
„ევროპის ქალაქები უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ ამოუცნობი მფრინავი დრონების ეპიდემიამ მოიცვა. უპილოტო საფრენი აპარატები ყველგანაა: სამხედრო ბაზებთან ახლოს, აეროპორტებში, მინდვრებში და ქალაქების თავზე. გაურკვეველია, ვისი არიან ისინი. რა ვერსიები არსებობს?“ - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.
პირველ შესაძლო ვერსიად მან დაასახელა უკრაინელების მიერ იარაღის მომარაგების გაუმჯობესებისა და ომის პროვოცირების მიზნით განხორციელებული პროვოკაციები.
მეორე შესაძლო ვერსიად მან დაასახელა პრორუსული მიწისქვეშა ძალების საქმიანობა ამ ქვეყნებში, რომლის მიზანია ევროკავშირში ცხოვრების დესტაბილიზაცია, თუმცა დაამატა, რომ ეს საეჭვო იყო.
მედვედევის მტკიცებით, კიდევ ერთი ვერსიაა საჰაერო თავდაცვის სისტემების სიმტკიცის ტესტირება, რომელსაც, შესაძლოა, ადგილობრივი სპეცსამსახურები ახორციელებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს „ადგილობრივი უსაქმურების ხულიგნური თამაშები“.
მეხუთე შესაძლო ვერსიად კი მან „დრონების პირდაპირ რუსეთიდან გაგზავნა“ დაასახელა.
„სინამდვილეში, „რუსული დრონების“ გარშემო პანიკა შეიძლება გამოწვეული იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზით, ან მათი კომბინაციით. მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ვიწრო აზროვნების მქონე ევროპელებმა ომის საფრთხე საკუთარ ტყავზე განიცადონ. მათ უნდა ეშინოდეთ და კანკალებდნენ, როგორც უგუნური ცხოველები ჯოგში, რომლებიც სასაკლაოზე მიერეკებიან. იქნებ მაშინ მიხვდნენ, რა არის ომი და თავები წააგლიჯონ საკუთარ გონჯებს, როგორებიც არიან მერცი და მაკრონი, რომლებიც სისხლისღვრით ფულსა და პოლიტიკურ ქულებს შოულობენ“, - დაწერა მედვედევმა.