golden brand
ავერსი ნემო

საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. 

ზახაროვამ შესაბამის კითხვაზე პასუხად იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც „პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს“, ყურადღებით მოუსმენს ხალხის ხმას.

„ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. თქვენ ახსენეთ ქართული საზოგადოების მხრიდან დიალოგის განახლებისა და რუსეთთან არსებული უთანხმოებების გადალახვის ძლიერი მოთხოვნა. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს შიდა საქმეებში ჩარევას და არც საქართველოს საქმეებში ჩარევას ვაპირებთ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, ყურადღებით მოუსმენს თავისი ხალხის ხმას, რეალურ შესაძლებლობებს დაინახავს და მათ გამოიყენებს“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობები კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე დაამყაროს.

„ბევრი რამ იქნა მიღწეული ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ჰუმანიტარული გაცვლის სფეროში. ყველაფერი ვითარდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებები საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზების მოთხოვნის გაუქმება, რომელთაც ახლა ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შეუძლიათ. ჰუმანიტარული და ბიზნესკავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის ოქტომბერში უვიზო რეჟიმი გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად, სამუშაოდ და ხანგრძლივი ბინადრობის მიზნით ჩამოდიან. ვერც კი წარმოიდგენთ იმ დრამას, რაც ხდებოდა. ოჯახები ორ ქვეყანას შორის იყო დაყოფილი და ერთმანეთის მოსანახულებლად ნორმალურად მგზავრობას ვერ ახერხებდნენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

73