gorgia
ავერსი legi

ლატვიის მთავრობა რუსეთში მიმავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ დემონტაჟს განიხილავს. გადაწყვეტილების მიღება 2026 წლის დასაწყისში იგეგმება. ინფორმაციას LSM.lv ავრცელებს.

ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის ხაზის შესაძლო აღების შესახებ ინფორმაციას მთავრობა წლის ბოლომდე გააანალიზებს, რაც ლიეტუვისა და ესტონეთის შეიარაღებული ძალების მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდება.

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის თქმით, რკინიგზის ხაზის დემონტაჟის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია 2026 წლის დასაწყისში გასაჯაროვდება.

„ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები სამუშაოების ვადისა და მასშტაბის, ასევე, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტზე მათი გავლენის შეფასებით უნდა იქნეს მიღებული,“ - ამბობს რინკევიჩსი.

რუსეთში მიმავალი სარკინიგზო ხაზის დემონტაჟი აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ღონისძიებათა ნაწილად განიხილება. ამ საკითხის წამოწევას, ასევე, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები აპირებენ.

ცნობისთვის: ლატვიის სეიმი რუსეთთან საზღვარზე ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების დამონტაჟების დაჩქარებას გეგმავს. ამასთან, ოქტომბერში ლატვიამ რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებზე საჰაერო სივრცის ნაწილობრივი დახურვა გაახანგრძლივა.

80