კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრები მძვინვარებს. სტიქიის ზონაში გაცემულია ევაკუაციის განკარგულება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნავთობით მდიდარ ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძრებს ხუთ სხვადასხვა რაიონში ებრძვიან. ევაკუაციის განკარგულება ხუთი ათასმა მცხოვრებმა მიიღო. სულ პროვინციაში ხანძრის 158 კერაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება.
რაც შეეხება მეზობელ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციას, ამჟამად ფიქსირდება ხანძრის 319 აქტიური კერა. მხოლოდ ბოლო 24 საათში ცეცხლის 24 კერა გაჩნდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ათასამდე მეხანძრე მონაწილეობს.