ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, როგორც უკვე სხვებისგან გსმენიათ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. „ატაკამსები“ უკრაინაში უკვე ჩავიდა“, – განაცხადა სალივანმა
შეგახსენებთ, მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. რაკეტები 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. უკრაინამ კი რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.