ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის,- ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.
„აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, ვინც ცდილობს ამ ომის ესკალაციას”, – ნათქვამია ლოიდ ოსტინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო საჰაერო ოპერაცია დაიწყო.