ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის და აშკელონის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის.
ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალებია ჩართული.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტების უმრავლესობას ანეიტრალებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთში რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები არაბულ ანკლავში რაკეტის გამშვებ მოწყობილობებს ბომბავს.
პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ისრაელის ავიაციაც.