„თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით მიიტანა იერიში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე. შედეგად, დაშავებულია ექვსი ადამიანი.
როგორც ისრაელის მედია ქალაქ ნაჰარიას სამედიცინო ცენტრის დირექტორზე დაყრდნობით წერს, ამჟამად ჰოსპიტალში ექვსი ადამიანი რჩება. მათ შორის, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა.
ისრაელის მედია „ჰეზბოლას“ თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
„ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრები აპარატები გაუშვეს. დაჯგუფების წევრების აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. ამასთან, „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს არ წარმოადგენდა შურისძიებას გასულ კვირას ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაჯგუფების სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი მოკლეს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანში მოკლეს მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში ლიკვიდირებულ იქნა „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი ფაუდ შუქრი. საპასუხოდ, ირანი ისრაელს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა. როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანისგან მოსალოდნელია ისრაელზე თავდასხმის ორი ტალღა. ერთ-ერთ მათგანს ირანის მხარდაჭერით ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ განახორციელებს, ხოლო მეორეს – ირანი და მისი მარიონეტული დაჯგუფებები. თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, დაზვერვას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაესხმება თავს ისრაელს პირველი და რის გაკეთებას გეგმავს თეირანი.
ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ თეირანში თავდასხმის დაგეგმვა ისევ შემუშავების პროცესშია. ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-მა, ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილია და დამატებითი სამხედრო გემები გაგზავნა.