ირლანდიის ხელისუფლებამ დაახლოებით 157 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
2.2 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება სატვირთო გემით გადაჰქონდათ, რომელიც ირლანდიის სამხრეთ წყლებში, ქალაქ კორკის სანაპიროსთან, სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს. დაპატიმრებულია სამი ადამიანი, ხოლო გემის ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.
ირლანდიის პოლიციის განცხადებით, უკანონო ტვირთი სამხრეთამერიკული ნარკოკარტელების მიერ არის გამოგზავნილი და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ის, ატლანტის ოკეანის გავლით, ირლანდიაში, ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში შეჰქონდა.
გემის დაკავების ოპერაცია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც კვირას ღამით, ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, პატარა თევზსაჭერი ტრალერი მეჩეჩზე აღმოჩნდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ტრალერი ნარკოტიკებით დატვირთულ სატვირთო გემთან იყო კავშირში.
ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განახორციელა, როდესაც კოკაინის გადამტანი 190-მეტრიანი სატვირთო გემი „MV Matthew“ ინსტრუქციებს არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ კი რეინჯერთა ჯგუფი საეჭვო გემს დაედევნა და დამნაშავეები დააკავა.