ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დახურვამ, რომლის გავლითაც გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის მარაგის, დაახლოებით, 30% გადის, გაზზე ფასების ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ევროპა თხევად ბუნებრივ აირს, ძირითადად, აშშ-დან ყიდულობს, თუმცა საწვავისთვის გლობალური კონკურენცია შესაძლოა, გამწვავდეს, რადგან აზიის ქვეყნები მის იმპორტს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან ახორციელებენ.
ევროპაში გაზის Dutch TTF-ის ფიუჩერსები დღეს დილიდან 40.80 ევრომდე გაძვირდა, რაც პარასკევს ვაჭრობის დახურვის ფასთან შედარებით 27.5%-ით მეტია. თბილისის დროით 13:00 საათისთვის ფასი ოდნავ დაეცა და 1000 კუბურ მეტრზე 484 დოლარი შეადგინა, თუმცა ესეც 22.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
Bloomberg-ის შეფასებით, 2023 წლის აგვისტოს შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდაა. სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ირანმა შემდგომ შეტყობინებამდე ჰორმუზის სრუტეში ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ თხევადი ბუნებრივი აირის ჩასატვირთად მიმავალი რამდენიმე ტანკერი გაჩერდა ან გადამისამართდა.
თებერვალში ევროკავშირში გაზის ფასი თბილი ამინდის გამო 19%-ით დაეცა, მაგრამ გათბობის სეზონი მეტად დაბალი მარაგით მთავრდება. საცავები ამჟამად მხოლოდ 30%-ით არის სავსე, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. ანალოგიურ პერიოდში საცავების დონე ამაზე მეტად მხოლოდ 2022 წელს შემცირდა.
Global Risk Management წერს, რომ მიწოდების შეფერხება ფიზიკურ ბაზარზე მალე აისახება. ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი დახურვის მიმართ ევროპის გაზის ბაზარი, ნავთობის ბაზართან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა. კერძოდ, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების გამაფრთხილებელი პროგნოზით, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ერთთვიანმა შეჩერებამ შესაძლოა, ევროპაში გაზის ფასის გაორმაგება გამოიწვიოს.
ბრიუსელის ანალიტიკურ ცენტრის Bruegel-ის შეფასებით, ამ სიტუაციამ მომდევნო თვეებში ევროპაში რეზერვების შევსება შესაძლოა, გაართულოს და მრეწველობაში ენერგიის ხარჯი კვლავ გაზარდოს. Bruegel-ის მონაცემებით, 2021-იდან 2025 წლამდე აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სამჯერ გაიზარდა, რაც გასულ წელს იმპორტირებული მოცულობის, თითქმის, 58%-ს შეადგენს. S&P Global Energy კიდევ უფრო მაღალ 77.5%-იან შეფასებას იძლევა.
ცნობისთვის, ბუნებრივი აირის მარაგით ირანი მსოფლიოში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. 2025 წლის ივნისში ირანმა გაზის საბადოს მე-14 ფაზაზე მეოთხე გადამამუშავებელი ობიექტი, „სამხრეთ პარსი“ გახსნა. ეს სპარსეთის ყურეში მდებარე ბუნებრივი აირის მსოფლიოს უდიდესი რეზერვუარის ირანული ნაწილია. საბადოს ირანი კატართან ერთად ინაწილებს. რეზერვუარის მთლიანი მარაგი გამოსაყენებლად ვარგისი გაზის, დაახლოებით, 1.800 ტრლნ კუბურ ფუტ მოცულობას შეიცავს, რაც 13 წლის განმავლობაში გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის ელექტროენერგიის წარმოებისთვის არის საკმარისი. სანქციებისა და ტექნიკური შეზღუდვების გამო „სამხრეთ პარსიდან” მოპოვებული გაზის უმეტეს ნაწილს ირანი შიდა მოხმარებისთვის იყენებს.