ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნთან ტაიფუნის მიახლოების გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა. ევაკუირებულია დაახლოებით 800 000 ადამიანი. დახურულია მაღაზიები და სკოლები.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტაიფუნ საოლას მსგავსი სიძლიერის სტიქია რეგიონში 1949 წლის შემდეგ არ ყოფილა.
გუანდუნის პროვინციაში სტიქიის გამო სასწავლო პროცესი 13 ქალაქში შეწყდა. საშიში ზონიდან გაიყვანეს ათასობით ადამიანი. დროებით შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც.
სტიქიის გამო ჰონგ კონგში გადაიდო 460 ფრენა. 7,5 მილიონმა ადამიანმა კი მოახლოებული ტაიფუნის შესახებ გაფრთხილება მიიღო. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარი ოკეანეში ძლიერ ღელვას გამოიწვევს. 85 ათასზე მეტი სათევზაო ხომალდი პორტებში დაბრუნდა. შტორმის გამო მაკაოში ყველა სამორინე დროებით დახურეს.