„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა პალესტინური საქმის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი პალესტინელი ძმებისადმი, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ X-ში.
ერდოღანმა თავისი და ქვეყნის სახელით სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისს საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. ის ბოლოს საჯაროდ ირანის ახალარჩეული პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.