საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან.
რეზოლუციის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.
რეზოლუცია ასევე შეიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.
რეზოლუციაში ცალკე აღნიშნულია „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობა ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით“.