ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. როგორც საბჭოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 18 ფიზიკურ პირსა და 19 ორგანიზაციას. შეზღუდვები უკავშირდება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
„შავ სიაში“ მოხვდნენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე მედიის წარმომადგენლები, ირანის უსაფრთხოების ძალების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები.
ახალი შეზღუდვები შეეხო სამთავრობო ორგანოებსა და კერძო კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში.
ამგვარად, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ შავ სიაში 164 ფიზიკური პირი და 31 ორგანიზაციაა.
„მინისტრებმა დაგმეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, განსაკუთრებით სიკვდილით დასჯა. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების უფლების მხარდაჭერას, დაიცვან საკუთარი ფუნდამენტური უფლებები“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.